არჩილ გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობაც ჰქონდეთ აკრძალული

არჩილ გორდულაძე

მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობაც ჰქონდეთ აკრძალული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას.

„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის და ებრძვის ქვეყანას - შესაბამისი საფუძვლებიცაა ჩამოთვლილი, რომელიც თითოეული მათგანი აქვს დარღვეული კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც ქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს და ასევე, იმ ე.წ. პარტიებს, რომლებიც ახლა სხვადასხვა რეგისტრირებულ პარტიაში არიან გაერთიანებული.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიები გაუქმდეს, აიკრძალოს, რასაც ითხოვს კიდევაც საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო შესაბამის პირებს პოლიტიკური საქმიანობაც ჰქონდეთ აკრძალული ისევე, როგორც ეს არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკითა და არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცით“, - განაცხადა გორდულაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.