არჩილ ბერიძე: დღეს საქართველო ირჩევს მშვიდობას, ეს არის სიძლიერე და არა სისუსტე, დღეს საქართველო ირჩევს საკუთარ ინტერესს და არა სხვის დაკვეთას

აჩიკო ბერიძე

ჩვენ ხშირად ვსვამთ კითხვას თუ რამ გადაარჩინა საქართველო? როგორ მოახერხა საქართველომ რომ 21-ე საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან გაქრა მრავალი დიდი თუ პატარა სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი, ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაზე მძიმე პერიოდებში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო დგას უმძიმესი გეოპოლიტიკური რყევების წინაშე, საქართველომ შეძლო ყველაზე მთავარი და შეინარჩუნა მშვიდობა.

„იმ დროს, როდესაც მსოფლიო ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დგას, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყანა ნატო-ს წევრ ქვეყანას ტერიტორიული ანექსიით ემუქრება, ჩვენთან რადიკალური ძალები ქვეყნის შიგნით და მათი დამკვეთები ქვეყნის გარედან კვლავ აქტიურად ცდილობენ შემოიტანონ დესტაბილიზაცია, ქაოსი, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და საქართველო დაუნდობელი, გეოპოლიტიკური დაპირისპირების თანამონაწილედ აქციონ. ჩვენნაირ პატარა სახელმწიფოს, რომელსაც გეოპოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება შიდა ერთიანობა და პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის.

„დღეს საქართველო ირჩევს მშვიდობას, ეს არის სიძლიერე და არა სისუსტე, დღეს საქართველო ირჩევს განვითარებას, ეს არის გონიერება და არა შიში, დღეს საქართველო ირჩევს საკუთარ ინტერესს და არა სხვის დაკვეთას, დღეს საქართველო ირჩევს სიცოცხლეს და არა მსხვერპლად შეწირვას. მჯერა, რომ სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით ჩვენ შევძლებთ საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილის, ისტორიული როლის დაბრუნებას და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენას“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.