არჩევნების და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

არჩევნების და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ, ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში მყოფ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს, რამხელა პასუხისმგებლობა ენიჭება.

„სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, როგორია საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრება კანდიდატებთან დაკავშირებით. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი აქ არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერი ეს არის ნამდვილად წყალგამყოფი. ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა მანდატი უნდა მიანიჭონ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში კი, ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი – სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ამიტომ, ჩემი მთავარი ფოკუსი არის კარდაკარ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილების გაზიარება.

ასევე, მე პირადად და ის კოალიცია, რომელსაც წარმოვადგენ, არის ქარტიის ხელმომწერი. ჩვენ სრულად ვიზიარებთ რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს და მნიშვნელობას, რომ საქართველოში ის რეფორმები უნდა გატარდეს. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების და ქართველი ხალხის მანდატის შემდეგ, ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე. სრულად დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციაში მყოფ თითოეულ ადამიანს გათვითცნობიერებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობა გვენიჭება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.