არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად - ფინანსები ხმარდებოდა აქციებს - არასამთავრობოების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება

ანი ხუბეჯაშვილი

საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამოძიების კითხვებს ფონდ "ერთმანეთისთვის" წარმომადგენელმა გუგა ხელაიამ უპასუხა, რომელმაც სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.

"აღნიშნული გამოძიებით დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები ხმარდებოდა აქციებს, კონკრეტულად კი არამიზნობრივად იხარჯებოდა ფინანსები, მათ შორის, ჯარიმების გადახდის კონტექსტშიც. ამ საკითხზე დღეს კითხვები დაესვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, გუგა ხელაიას. დაადასტურა ისიც, რომ რამდენიმე გადახდა გააჩნდა ფონდს, თუმცა მას შემდგომ, რაც აქციები ძალადობრივ ხასიათს იძენდა, ის, როგორც მოქალაქე, ემორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნებს. მანვე დააიდენტიფიცირა ის, რომ ამ ჯარიმების გადახდას იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და კონკრეტულად ამ ფონდის საქმიანობისთვის გაღებული თანხები არ უნდა მოხმარებოდა ჯარიმებს", - განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.