არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები - გია აბაშიძე

gia abashidze

„ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები. პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას!”- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადების შესახებ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციებს.

„უტრირებულია და მიზანმიმართულად დამახინჯებულია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ინტერპრეტაცია ნატო-ში გაწევრიანებაზე თითქოსდა უარის თქმის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. სწორედაც რომ 15 წელიწადია გვესმის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან, წევრები ქვეყნების ლიდერებისგან ის, რაც დღეს თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა დოჰაში (კატარი). ნატო-ს დებულება მკაფიოდ ამბობს, რომ მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება, რომელსაც არ აქვს ტერიტორიული დავები/პრობლემები.

პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა ძალიან ღირსეული განცხადება - საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას! მეტიც, საქართველო არასოდეს განიხილავს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსის მოსაზრებას (ამას ალიანსის მაღალჩინოსნები არ იზიარებენ), რომ თითქოს გაწევრიანების შემთხვევაში, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი [ყველა ერთისათვის] დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვიდრე რუსეთთან კონფლიქტი მშვიდობიანად არ მოგვარდება. არ შეიძლება შერჩევითი, ანგაჟირებული ანალიზი ერთსა და იმავე განცხადებაზე! ვიმეორებ - ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან ნატოელი პარტნიორები. თუ მავანს არ მოწონს არსებული მთავრობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლოგიკა და აღქმის უნარი დაიბლაგვოს”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.