1734793091
„არ შეიძლება კითხვები... მშვენიერი ამინდია, გადასარევი“ - სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციებთან დაკავშირებით „კურიერის“ კითხვებს არ პასუხობს
პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობს.
ორბელიანების სასახლეში მივიდა გიორგი გახარიას გუნდი. ეს არის პარტია, რომელიც ხელმომწერებს შორის ყველაზე მეტად კრიტიკული იყო ქარტიის რამდენიმე პუნქტის მიმართ, თუმცა ის პოლიტიკური ჯგუფებიც კი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ ტექსტს თავიდანვე დაეთანხმნენ, აცხადებენ, რომ პრემიერობის კანდიდატზე საუბარი არ მოსწონთ.
პარტიებთან კონსულტაციებზე, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატზე კითხვები, სალომე ზურაბიშვილს დღეს "კურიერმაც" დაუსვა, თუმცა, პრეზიდენტმა კითხვებს არ უპასუხა.
"არ შეიძლება კითხვები... მშვენიერი ამინდია, გადასარევი," - ამბობს პრეზიდენტი "კურიერის" კითხვების საპასუხოდ.
რაც შეეხება "გახარია საქართველოსთვის" წევრს, მათი თქმით, საკითხებზე კომენტარს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.
"მოსულები ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს. დიალოგში ვართ, ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. მერე უკვე კომენტარს გავაკეთებთ ძალიან კონკრეტულად, რომ გამოვალთ," - განაცხადა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.
"რომ გამოვალთ გავაკეთებთ კომენტარს აუცილებლად," - აღნიშნა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.