,,არ შეიძლება, ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში - სამჯერ ძვირი" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

 კონკურენციის სააგენტო, ანტიკორუფციული სამსახური და პარლამენტი - ეს იმ უწყებათა ნაწილია, რომლებიც ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ნორმალიზების მიზნით უკვე მუშაობს. საკანონმდებლო ორგანო ფასების ხელოვნური ზრდის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე აპირებს. გარდა ამისა, სუს-ი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მოძიებას იწყებს, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას.

მმართველი გუნდი პრემიერის ინიციატივას მიესალმება.

"ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობს სწორედ იმიტომ, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ინტერვენცია, ფასების თვალსაზრისით. თუკი აშკარაა, რომ ბაზარზე დადგენილი ფასი არის ხელოვნურად გაზრდილი, არის ზემოგებებზე საუბარი... არ შეიძლება, ერთი და იგივე ფირმის ქსელში არსებულ სუპერმარკეტში, ერთი და იგივე პროდუქტი, ევროპაში ღირდეს სამჯერ უფრო იაფი, ხოლო საქართველოში - სამჯერ ძვირი. შესაბამისად, პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია. საქართველოს პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.