„არ მინდა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო“ - იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე

„გირჩის“ ლიდერი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც,  დეპუტატები სააკაშვილს თავდებში უდგებიან და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ და სხვა ინიციატივებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მხარს მაშინ დაუჭერს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს დაიშალოს, სხვა შემთხვევაში, „აცირკო წარმოდგენაში" მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომლებიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ.

ამ ინიციატივას, მე მგონი, სერიოზულობა აკლია იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, "ნაციონალური მოძრაობა" აქამდეც მზად იყო თავდებში ჩადგომოდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეგ არ გამოდის, მე კი არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ არ გამოვა ასე, არ მინდა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო, რომელსაც შინაარსი არ ექნება," - აცხადებს ხვიჩია.