ანდრეი ჰუნკო: საქართველოს მთავრობაზე იყო ზეწოლა, ჩართულიყო რუსეთთან კონფრონტაციაში, მათ უარი თქვეს ამაზე არა პრორუსულობის გამო, არამედ შიშობდნენ, რომ ქვეყანა განადგურდებოდა, ამისთვის დასჯა არ იქნება სწორი

ანდრეი ჰუნკო

გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, ანდრეი ჰუნკოს განცხადებით, იანვარში, ქართული დელეგაციის დასჯის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს საპარლამენტო ასამბლეა აღმოჩნდა გარკვეულ ჩიხში, რომელშიც დღეს არის.

მისი განმარტებით, PACE არის ერთადერთი ასამბლეა, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს დიალოგს, მაგრამ არა ისეთს, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იქნება.

"იანვარში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად დაგვესაჯა ქართული დელეგაცია, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათი უფლებამოსილება ეჭვქვეშ დადგა. ჩემმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ ხმა მისცა. განხილვისას ჩვენ ვთქვით, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა აღმოჩნდა გარკვეულ ჩიხში, რომელშიც დღეს ვართ. კიდევ ერთი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები. მე ვაკვირდებოდი არჩევნებს და წინასაარჩევნო პერიოდს. "ქართული ოცნება" იყო ყველაზე ძლიერი, ხოლო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ან ალიანსი 11%-ით იყო წარმოდგენილი. მე მრავალი არჩევნების მონაწილე ვყოფილვარ, ჩემი შთაბეჭდილება იყო ის, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან, შემთხვევები არ იყო ძალიან განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ზოგიერთი არჩევნებისგან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქართულ მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, ამა თუ იმ გზით, რათა ის ჩართულიყო რუსეთთან კონფრონტაციაში. ქართულმა მთავრობამ უარი თქვა ამაზე, არა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ პრორუსული პოზიცია, არამედ იმიტომ, რომ ქართულ მთავრობა შიშობს, რომ მათი ქვეყანა ასეთ ომში განადგურდება. "ქართულმა ოცნებამ" თავისი საარჩევნო კამპანია ააგო და თქვა: ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას ომის ნაცვლად.“ შეიძლება ეს სწორად მიგაჩნდეთ ან არასწორად, მაგრამ, მე მგონი, ძალიან აქტუალურია, რომ ჩვენ პატივი ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას. მგონი, არასწორია, ეს იყოს მიზეზი ქართული დელეგაციის დასჯის ან სანქცირების. მე მგონი, ჩვენ ვართ ერთადერთი ასამბლეა, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს დიალოგს, მაგრამ არა ისეთს, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იქნება", - განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.