ანა წითლიძე: სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება

ანა წითლიძე

სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ“.

„გვინახავს ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე, როგორ სცემენ, აწამებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს. გვინახავს სპეცრაზმი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა ლევან ხაბეიშვილო, გუკა როგავას დაზიანების ამბავი, ღმერთმა რომ გადაარჩინა. ალბათ ისიც კარგად გვახსოვს, წაქცეულ ახალგაზრდას თავში რომ ურტყამდნენ და ღმერთმა გადაარჩინა. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რეალურად, ივანიშვილის კრიმინალური ბანდაა, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ლეგიტიმაცია არ აქვს არც საერთაშორისო ასპარეზზე, არც საქართველოს მოქალაქეებში, გამორჩეულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ სისასტიკით, საქართველოს 500-მდე მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა. არცერთი სპეცრაზმელი დღეს არ არის დასჯილი. საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ, მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით. ხელი თუ გადაუცდებათ, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. 4 000 გდდ-ს თანამშრომელი ვერ მოერევა, თუ ის გაბედავს, ხელი აწიოს ათასობით საქართველოს მოქალაქეზე. არანაირი მოტივაცია არ აქვს, განსაკუთრებით ახლა, იმ რღვევის შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს.

მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა, უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ტელევიზიას და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ს სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მას სხვა არაფერი დარჩენია. ყველა აქციით გვანახა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გადაწყვეტენ, საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც იქცეოდა რეჟიმი ყველა აქციის დროს, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან თავი. ამ ქვეყანაში 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე ძალადობს, ერთადერთი არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში. ამიტომ ჰგონია, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა შეუძლია ასეთი ძალადობით.

დღეს ინფორმაციები გამოდის ძალოვანი სტრუქტურებიდან, ინფორმაციები გვაქვს ოპოზიციის ლიდერებს, რასაც ვაჟღერებთ. ეს დღეს მოქმედი მათ შორის მაღალჩინოსნებიდან არის, მათ შორის იმ ძალოვნებიდან, რომლებიც დღესაც მოქმედებენ და მანდ მუშაობენ. ყველა სტრუქტურაში მათ აქვთ რღვევა, მით უმეტეს ახლა გეკას თუ ჯეკას იმედად შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე იყო. ეს არ არის ის სპეცრაზმი, რომელიც იყო თუნდაც ხარებას დროს. ჩვენი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, რადგან იციან, რომ იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს მიადგნენ და ამზადებენ დასაჭერად, რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს შემდეგი. კუპატაძეს მოსთხოვეს, კონკრეტული რაოდენობა თუ არ იქნება გამოყვანილი, მის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ შანტაჟის ენას აამოქმედებდნენ. სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.