ანა წითლიძე: ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში, ეს ტაქტიკა, რომ საპროცესო შეთანხმება გააფორმონ, მათი უფლებაა და დასაძრახს ვერაფერს ვხედავ

ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება არის ტაქტიკური სვლა ციხიდან გასათავისუფლებლად და ამ ტაქტიკის გამოყენებაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

წითლიძის თქმით, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეს ადამიანები სწორედ გარეთ არიან საჭირო.

„ნებისმიერის გადასაწყვეტია, რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს არის ტაქტიკა, რომელიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად. ყველას მოვუწოდებ, ამის შესაძლებლობა  თუ აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს, რადგან საპროცესო შეთანხმების შედეგად ეს ადამიანები იქნებიან გარეთ. ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში. ამიტომაც ვერანაირად ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ისრები იმ მიმართულებით გადაისროლოთ ახლა, რა მიმართულებითაც გადაისროლეთ. 4 ოქტომბრის დღე იყო წინააღმდეგობის და ერთიანობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. ეს ტაქტიკაც, რომ საპროცესო გააფორმონ, არის მათი უფლება და ამაში დასაძრახს საერთოდ ვერაფერს ვხედავ. ქვეყნის თავისუფლებისთვის, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება.

ნებისმიერი რეჟიმის წინააღმდეგ ტაქტიკური სვლა, საპროცესო შეთანხმება იქნება, თუ სხვა, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც უსამართლოდ, ტყვედ ჰყავს რეჟიმს აყვანილი, დააღწიონ თავი ციხეს და იყვნენ გარეთ, იბრძოლონ, არის გამოსაყენებელი და მისასალმებელი. თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია. მე ვიცი ასევე ადამიანები, რომლებიც არ იღებენ ჯერ ამ გადაწყვეტილებას. ვიცი ადამიანები, რომლებიც თანხმდებიან საპროცესოს. ამიტომაც ჩემთვის ორივე ეს პოზიცია არის პატივსაცემი. კიდევ ერთხელ ძალიან ცალსახად ვიმეორებ, ამ შესაძლებლობის გამოყენებაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, გარეთ სჭირდება ამ ბრძოლას თავისუფალი ადამიანები და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ რეჟიმის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. საპროცესო შეთანხმების თაობაზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ თავად განაცხადეს.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. უწყების ცნობით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

პროკურატურაში განმარტეს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული.

✕