1775651796
ალუდა ღუდუშაური: ზურაბ ადეიშვილმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ საქართველო არ აინტერესებს, როგორ შეიძლება, რაიმე თანამდებობა ჰქონდეს ადეიშვილს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მათმა კოჰორტამ ქვეყანას თავს დაატეხეს კოშმარი, რომლის შესახებაც ადამიანებმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს.
ღუდუშაური უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ ადეიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, არ შეიძლება, რაიმე თანამდებობა ჰქონდეს ადეიშვილს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.
„ეს სამარცხვინო სუბიექტი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფას აგრძელებს. ზურაბ ადეიშვილმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ საქართველო არ აინტერესებს და მისი ქვეყანა არ არის. გვახსოვს მისი სამარცხვინო განცხადება. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და პირდაპირ ეთერში მოვუსმინეთ იმ ადამიანებს, რომელთაც საზოგადოებას დაანახეს კოშმარი, რომელიც სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მათმა კოჰორტამ ქვეყანას თავს დაატეხეს. ეს ყველაფერი დანაშაული იყო. მოვუსმინეთ ადამიანებს, რომლებსაც მოუკლეს ოჯახის წევრი, შვილი. ადამიანებს ბიზნესი წაართვეს და დაურეკეტეს. იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარი მშობლისთვის ბოდიში მოეხადათ ან სინანული გამოეთქვათ, ამბობდნენ, ეს ყველაფერი დადგმულიაო და აშარჟებდნენ. როგორ შეიძლება, რაიმე თანამდებობა ჰქონდეს ადეიშვილს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო? ცდილობენ, ამ ქვეყანას თავი არ დაანებონ და შანსს არ უშვებენ, ქართული საზოგადოება არ დააკნინონ. სააკაშვილის პირიდან შემოთვალეს მორიგი გახსენება, რომ არსად წასულან, ქართველო ხალხო, დაგველოდეთ და ისევ უბედურებას დაგატეხთო. მინდა, მათ ამ ვაჟბატონის სიტყვებით შევუთვალო, ნურას უკაცრავად, არ დავუშვებთ, ეს პატარა ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ძალადობრივი ქმედებები გააგრძელონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.
ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.










