ალუდა ღუდუშაური: ვინ ეკითხება ქალბატონ ზურაბიშვილს, ფორმალურ პრეზიდენტს, გახარიას პარტიასა და ხაზარაძის პარტიაში რა როლი ექნება ერთს ან მეორეს და როგორ გადაანაწილებენ ინტერესებს?

ალუდა ღუდუშაური

ვინ ეკითხება ქალბატონ ზურაბიშვილს, ფორმალურ პრეზიდენტს, ერთი პარტია მეორეში როგორ დალაგდება და როგორ გადაანაწილებენ ინტერესებს, - ასე გამოეხმაურა „დღეის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ინიციატივას.

ღუდუშაურმა რადიკალური ოპოზიციური პარტიები ერთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ მოიხსენია და სალომე ზურაბიშვილის ამ კუთხით როლზე ისაუბრა.

„მას აქვს ის როლი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, არც ერთი თავმოყვარე ადამიანი ამ როლზე არ დათანხმდებოდა. გეკითხებით, ვინ ეკითხება გახარიას პარტიაში და ხაზარაძის პარტიაში რა როლი ექნება ერთს ან მეორეს?! როგორ დალაგდებიან ერთმანეთში?! იმდენად უტიფრები არიან, რომ გამოიყენეს სიტყვა თითქოს, ობიექტური მედიატორია თუ რაღაც. ვინ ეკითხება პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს?

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რასაც ახლა ეს ქალბატონი ჩადის, ამის საშუალება რომ მივეცით, ახლა ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს ყველანი ერთად მოვაშოროთ ამ ქვეყანას. მათ არ ჰქონდეს არანაირი პოლიტიკური ბერკეტი იმისა, რომ უტიფრად მოატყუონ ჩვენი საზოგადოება. გამოვიდეს და თქვას პირდაპირ, რომ ის არის ხაბეიშვილი2 ან ხატია დეკანოიძე 2“, - აღნიშნა ზურაბიშვილზე ღუდუშაურმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა: „მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო - გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია“.