ალექსანდრე ტაბატაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: ვალდებულნი არიან, არა მარტო კომისიას, არამედ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა აქვთ ჩადენილი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში მათი მოქმედებით თუ უმოქმედობით ასეთ დღეში არიან

ალექსანდრე ტაბატაძე

ისინი ვალდებულნი არიან, რომ არა მარტო საგამოძიებო კომისიას, არამედ საზოგადოებას აუხსნან, თუ რა აქვთ მათ ჩადენილი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში მათი მოქმედებით თუ უმოქმედობით ასეთ დღეში არიან, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა ალექსანდრე ტაბატაძემ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ადამიანები პრაქტიკულად ყველაფრის გარეშე დარჩნენ.

„ყველანაირი ქონების გარეშე დარჩნენ. ქონებას თავი დავანებოთ, ამასთან ერთად მათ მოიხადეს სასჯელები უმძიმეს, არაადამიანურ პირობებში, წამების პირობებში. ამას ხომ არა მხოლოდ კომისია, ყველა ხედავს, მთელი საზოგადოება ხედავს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მისი დაკავება უნდათ“ და მზადაა, მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს.