აბანოებში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „აბანოთუბანი ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
1780647255
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში. აღინიშნა საქართველოს მზარდი მნიშვნელობა, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პარტნიორის.
ალექსანდრე ტაბატაძემ იტალიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეებმა საპარლამენტო კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაძლიერების კუთხით მზადყოფნა გამოთქვეს, რაც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და უსაფრთხოების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული სტაბილურობის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას მოიცავს.
იტალიელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საპარლამენტო ურთიერთობებისა და ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც თავის მხრივ, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
შეხვედრას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები - ზვიად შალამბერიძე და იოსებ ჯორბენაძე დაესწრნენ.