აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ არ აქვს საზღვრის კვეთა, საქართველოში საერთოდ ნამყოფიც არ არის და სულ სხვა პიროვნების მონაცემები ვრცელდება - ალექსანდრე დარახველიძე რუსი სამხედროს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

დარახველიძის განმარტებით ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე არის ყალბი.

მინისტრო მოადგილე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ ენდონ მსგავსი სახის ყალბ ინფორმაციას და ყოველთვის, ასეთი ინფორმაციას ოფიციალურ წყაროებთან გადაამოწმონ.

„მსგავსი პიროვნება ქვეყანაში არ იმყოფება და არც ცხოვრობს, სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა ის, რომ თითქოს ის კონკრეტული პიროვნება, რომელზეც საუბრობდნენ, დღემდე ქვეყანაში ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება, ეს არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება. ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, საბოლოო ჯამში ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების მიზანმიმართულ დაზიანებას.

მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის ოფიციალურ წყაროებთან.

სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებენ საზღვარზე იმისათვის, რომ ისეთი პირები, რომელთა დაშვებაც არ უნდა მოხდეს საზღვარზე, ეფექტურად მოხდეს მათი კონტროლი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული“, - აღნიშნა დარახველიძემ.