1763237570
ალექსანდრე დარახველიძე: ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის
ორმაგდება იმ თანხების რაოდენობა, რომელიც გათვალისწინებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული პოლიციელებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტზე საუბრისას.
მისივე თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა და მეხანძრე-მაშველთა ოჯახების კომპენსაციის ოდენობა 30 000 ლარი ხდება.
„კანონმდებლობით ინერგება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რაც გულისხმობს სამედიცინო შვებულებას პოლიციელებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული ცვლილებები თანაბრად გავრცელდება, როგორც პოლიციელებზე, ასევე მეხანძრე-მაშველებზე“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა, რომელიც პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ეხება. პოლიციის შესახებ კანონპროექტით, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა იზრდება.
7 000 ლარის ნაცვლად, პოლიციელს გადაეცემა 20 000 ლარი, ნაკლებად მძიმე დაზიანებისას 15 000 ლარი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში კი 10 000 ლარი. კანონს დაემატება შვებულება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში, 15 000 ლარის ნაცვლად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად 30 000 ლარი გადაეცემა. დაკრძალვის ხარჯები განისაზღვრება ორი ათასი ლარის ოდენობით.











