ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
1763553219
დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აქ სანქცირებაზე საუბარი უადგილოა. მოგვაწოდეს კინკრეტული საკითხები, რაზეც დიალოგი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, განისაზღვრა კონკრეტული უწყებები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დარახველიძის თქმით, კითხვებს, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იყო დასმული, ამომწურავ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხები გაეცემოდა.
„სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად აღარ ისურვეს ამ პასუხების მოსმენა. შესაბამისად, გადაიდო ეს დიალოგი. კონკრეტული დიალოგისთვის მზაობა როცა იქნება, საქართველოს მთავრობა და თითოეული ის წარმომადგენელი, ვინც ამ დიალოგს დაესწრება, ამომწურავ პასუხს გასცემს თითოეულ იმ კითხვას, რაც აქვთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
დარახველიძის განმარტებით, გაუგებარია, რა მიზეზით მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა დიალოგის გადადების გადაწყვეტილება.
„არანაირი ახსნა მათ არ მოუწოდებიათ. იყო საუბარი, რომ ისინი მზად არიან, გადადონ ეს დიალოგი. ეს პოზიცია ჩვენ ასე მოგვეწოდა. შესაბამისად, მზად ვართ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. მათ თუ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ, ჩვენ მზად ვართ, ამომწურავად ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ოფიციალურად არავის დაუსახელებია დიალოგის შეხვედრის გადადების მიზეზად მისი დელეგაციაში ყოფნა.
„ასეთი მიზეზი ოფიციალურად არავის მოუწოდებია. რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე სანქცირებული არ არის. შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება. საქართველოს მხარე განსაზღვრავს დელეგაციის შემადგენლობას იმ საკითხების მიხედვით, რა საკითხებიც სწორედ მათი მხრიდან იყო დასმული. შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას განსაზღვრავს საქართველოს მხარე და გასცემს პასუხებს იმ კითხვებზე, რაც აქვთ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების განმარტებით, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.