გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს
1736951940
მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების პროვოცირების მცდელობა, ან დაშინების მცდელობა, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება, ამ შემთხვევაში კი საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს.
„მივმართავ, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, არის ძალიან აღელვებული იმის გამო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ფაქტია, ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, რომელიც აშკარად იყენებს ყველა იმ საშუალებებს, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რუსულ რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია, რაც მოხდა აბუ-დაბიში, დეპუტატების მიერ ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ, რომლებსაც სხვა თუ არაფერი, უნდა გააჩნდეთ მოთმინების ვალდებულება, მაგრამ არსად ჩანს ეს ვალდებულება. პირიქით, როგორც ჩანს, დეპუტატები პირდაპირ არიან, არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ ამ ძალადობაში არიან პირდაპირ გამოყენებული, რაც ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის არის გაუგებარი, მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ, ტოტალიტარულ, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებს.
ასევე, ის რაც ამ ღამით ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ მოხდა, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ეს ყველა მოქალაქეს ეხება. ძალადობა არავის მიმართ არ შეიძლება, არავის მიმართ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინო, კერძო მოქალაქეები დააშინო – ეს არის მიუღებელი. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო თანადგომა იქნება შეტყობინებული, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს დავუშვათ.
ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, არის შემართებული და იცის რა უნდა, და იცის, რა არ უნდა, რომ არ დათანხმდება საქართველო იმაზე, რომ გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის, იბრძვის მშვიდობიანად.
მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს – საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.