აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის და მზადაა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს არ მოხსნის და მზადაა მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესოს, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, დადგა დრო, რუსეთმა და უკრაინამ კონკრეტული იდეები წარადგინონ, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის დასრულება, შეერთებული შტატები კი სამშვიდობო პროცესში დარჩება, თუმცა შუამავლის როლს აღარ შეასრულებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, დიპლომატიური იყოს. ამავე დროს, მას ესმის, რომ არსებობს მსოფლიოს სხვა ნაწილიც, რომელსაც ყურადღება სჭირდება. სახელმწიფო მდივანმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ შეიცვლება ჩვენი წვლილი იმით, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით შუამავლები. ჩვენ კვლავ ჩართულები დავრჩებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში და დავეხმარებით ყველანაირად, მაგრამ აღარ ვიფრენთ მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში შუამავლები ვიყოთ“, - თქვა ბრიუსმა.