ადამიანებს უამრავი ზღაპრის სჯერა და ამიტომ შეიძლება, დაიჯერო, რომ სატელეფონო გამოკითხვა არჩევნებია, კარგად თუ დააორგანიზებენ, შეიძლება კარგი სოციოლოგიური კვლევა დაიდოს - ალექსანდრე რაქვიაშვილი

 ალექსანდრე რაქვიაშვილი

ეს არ არის არჩევნები, ეს არის სატელეფონო გამოკითხვა, კარგად თუ დააორგანიზებენ, ბევრ ფულს დახარჯავენ, შეიძლება კარგი სოციოლოგიური კვლევა დაიდოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეფონებით არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში ჩატარდება.

„ჩვენ ვიცით ამ იდეის შესახებ, მაგრამ გვგონია, რომ ფუჭად დროის ხარჯვაა. არანაირი განსაკუთრებული შედეგი არ ექნება, თუმცა კარგად თუ დააორგანიზებენ, ბევრ ფულს დახარჯავენ, შეიძლება კარგი სოციოლოგიური კვლევა დაიდოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი გავიგოთ. შეიძლება, ესეც არ გამოუვიდეთ და უბრალოდ დახარჯონ ხალხის ყურადღება, საკუთარი ფული და ისევ ცრუ იმედები გაუჩინონ ამომრჩეველს, ვისაც ჰგონია, რომ ამით რაღაც შეიცვლება. შემდეგ ისევ იმედგაცრუება და ოპოზიციის დასუსტება – მგონი, ეს არის მთავარი, რაც ამ ყველაფრის შედეგად მოხდება. ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არ მგონია, რამე კარგი გამოვიდეს ამ ყველაფრისგან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, „გირჩი“ ამ პროცესში მონაწილეობას არ იღებს.

„ჩვენ ამ პროცესში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ. არჩევნების ჩატარებას თუ აპირებენ, ალბათ ყველა პარტია უნდა ჩაწერონ. მათ ინტერესებშია. „ქართული ოცნებაც“ უნდა ჩაწერონ, მაგრამ თუ არ უნდათ, არ ჩაგვწერონ. ეს არ არის არჩევნები, ეს არის სატელეფონო გამოკითხვა და თუ უნდათ, ყველა პარტიის რეიტინგი დაადგინონ, ჩვენც უნდა ჩაგვწერონ. ჩვენ არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ ამ პროცესში და ვერ ავიღებ გარანტიას, რომ ჩვენ ჩაგვწერენ ბიულეტენში. ვნახოთ, დავაკვირდეთ. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს რაიმე როლი ჰქონდეს საერთოდ ოპოზიციაში, ამიტომ ესწრება რაიმე შეხვედრას თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ უცნაურია, რომ ვიღაცას კიდევ აინტერესებს ამ ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის აქტივობა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შემადგენლობით დააორგანიზებენ თავის აქტივობას. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა იქ სალომე ზურაბიშვილი. ლეგიტიმურობა მარტივად მოწმდება. ისინი თუ მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრის შედეგად ვისაც აირჩევენ, ის იქნება ლეგიტიმური, ამ ლეგიტიმურობამ უნდა გასცეს ბრძანებები, გადასახადები შეკრიბონ, მაგალითად, ციხიდან გაუშვან მიხეილ სააკაშვილი. ეს თუ ასრულდება, დავიჯერებ, რომ ლეგიტიმურები არიან, თორემ არ მგონია, სატელეფონო გამოკითხვით რაიმე შედეგი რაიმე კავშირში იყოს ლეგიტიმურობასთან. ადამიანებს უამრავი სხვადასხვა ზღაპრის სჯერა და ამიტომ შეიძლება, დაიჯერო, რომ სატელეფონო გამოკითხვა არჩევნებია. არ ვარ წინააღმდეგი, რომ მათ ატარონ სატელეფონო გამოკითხვა, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს რაიმე კავშირშია პოლიტიკასთან“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.