„2020 წელსაც ასე მოიქცნენ, მაშინაც თითქოს ჩახსნეს სიები, შემდეგ პარლამენტში მაინც შემოვიდნენ და მერე გვემუდარებოდნენ, რომ ჩახსნილი პირების სია აღგვედგინა“ - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, სიების ჩახსნის შესახებ საუბარს "პოლიტიკურ კეკლუცობას" უწოდებს. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კეთდება განცხადებები სიების ჩახსნის თაობაზე, თუმცა რეალურად, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი განცხადებაა დაწერილი. მისი თქმით, ოპონენტები საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებენ.

"ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ისინი საუბრობენ სიების ჩახსნაზე, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც როგორც პარლამენტის წევრები ისე აირჩია ათმა ამომრჩეველმა, არამედ ეხება მათ სიებში იმ პირებს, რომლებიც ამ არჩეული წევრების შემდეგ არიან. მაგალითად, თუ ერთმა პარტიამ აიღო 19 მანდატი, სიის ჩახსნა ვრცელდება მეოცედან შემდგომ პირებზე და არა იმ 19-ზე, სინამდვილეში, ვისი უფლებამოსილებაც როგორც პარლამენტის წევრის, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დაცვით განხორციელდა. აქაც ატყუებენ საკუთარ მხარდამჭერებს. მოვიდნენ, დაწერონ ინდივიდუალური განცხადებები და კი ბატონო. გვესმის, რომ დავწერთ განცხადებებსო, მაგრამ თუ არ ვცდები, ერთი განცხადებაა მხოლოდ 61-დან." - ამბობს რატი იონათამიშვილი.

რატი იონათამიშვილმა 2020 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ იმ პერიოდშიც მსგავსი ფაქტი მოხდა, თუმცა შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ჩახსნილი პირების სიის აღდგენას ითხოვდნენ.

"2020 წელსაც ასე მოიქცნენ. მაშინაც თითქოს ჩახსნეს სიები, შემდეგ ვინც იყო პარლამენტში არჩეული, მაინც შემოვიდნენ და სხვათა შორის, მერე გვემუდარებოდნენ, რომ ჩახსნილი პირების სია აღგვედგინა. ანუ, შეგვეტანა ისეთი ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც იმ ადამიანებს, ვინც მანამდე ჩახსნეს, დაუბრუნებდა იმის შესაძლებლობას, რომ უფლებამონაცვლეობით შემოსულიყო საქართველოს პარლამენტში. ასეთი უპირობო ადამიანები არიან ესენი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.