1732386875
20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ 2023 წლიდან ჩვენი თანამშრომლები - უპრეცედენტოა პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი - დარახველიძე
მომდევნო წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 3 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ვერტმფრენის შეძენა - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია 30-მდე ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს ვერტმფრენები, რომლებიც ასრულებენ ნაკისრ მოვალეობას, თუმცა, დამატებით კიდევ შეძენილ იქნება 3 ახალი ვერტმფრენი.
გარდა ამისა, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში იგეგმება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა - 30 ერთეულის. ბოლო პერიოდის ხანძრებმა აჩვენა, რომ საჭიროა თანამედროვე ტექნიკა, რომელიც მორგებულია ჩვენს პირობებს და გარდა ამისა, ეფექტურად ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ ამიტომ, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწორედ სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეძენა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.