ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ზელენსკი და ჩეხეთის პრემიერი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

დეკლარაციაში განსაზღვრულია კიევის მიერ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების კურსის ფარგლებში უკრაინასა და ჩეხეთში შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დოკუმენტის ხელმოწერით ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მოპოვების პერსპექტივისადმი მხარდაჭერა, როგორც კი ამისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება. ამას გარდა, ჩეხეთი დეკლარაციაში მზადყოფნას ადასტურებს, გააგრძელოს უკრაინის სამხედრო, ტექნიკური, თავდაცვითი და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

ზელენსკის თქმით, ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აწერს ხელს. მისი თქმით, უკრაინა იმუშავებს, რომ ამგვარი ერთობლივი დეკლარაციები ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც გაფორმდეს.

„მინდა, აღვნიშნო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენი ერთობლივი დეკლარაცია. ეს არის პირველი ამგვარი დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. ამ დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ ჩვენ გავზრდით თანამშრომლობის დონეს, რათა უზრუნველვყოთ ნატო-ს სტანდარტები უკრაინაში. ჩეხეთმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს, როდესაც ამის საშუალებას გარემოებები მოგვცემს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პეტრ ფიალას თქმით, ჩეხეთის მთავრობა უკრაინას ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ომის შემდგომ აღდგენას, დევნილების დახმარებას და ტერიტორიების განაღმვას უნდა მოხმარდეს. ამას გარდა, ჩეხეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ თანამშრომლობით, კერძოდ, თავდაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, მათ შორის ბირთვული ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. ზოგიერთი პროექტი უკვე ხორციელდება, კერძოდ, თავდაცვის სფეროში და ჩვენ გავაგრძელებთ მათ გაღრმავებაზე მუშაობას“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას.

„ის ფაქტი, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის ინიციატივას, გვაჩვენებს, რომ ის გადის სამმხრივი შეთანხმებიდან. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს ამ შეთანხმებას. დარწმუნებული ვარ, მჯერა, რომ პარტნიორები შეძლებენ რუსეთის რიტორიკის დამშვიდებას. ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას, რადგან გვესმის, რას ვთავაზობთ მსოფლიოს. ჩვენ ვთავაზობთ სტაბილურობას სასურსათო ბაზრებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.