პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმაб ვოლოდომირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა.
„ჩვენი ქვეყანა სერიოზული გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობას და კონკრეტულ ქმედებებს. დიდი ომით გვაშინებენ და უკვე მერამდენედ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს პირველად არ ხდება. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება ხელმოწერილია. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ლურჯ და ყვითელ ლენტებს დავკიდებთ და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
უკრაინა ომის ზღვარზე — რა ხდება
რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ საუბარი 2021 წლის მარტშიც იყო. მაშინ უკრაინა მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებაზე იტყობინებოდა — ანექსირებულ ყირიმში პუტინმა ძალები გაზარდა და ადგილზე მინიმუმ 80 000 ჯარისკაცი, ათასობით ტანკი და საბრძოლო მანქანა განალაგა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა 22 აპრილს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა და სამხედრო შემოწმების დასრულება გადაწყვიტა.
მას შემდეგ, შესაძლო შეჭრაზე საუბარი დღის წესრიგში შემოდგომაზეც დადგა — უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მის საზღვართან, დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები ნოემბერშივე გააფრთხილეს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელის შეშლისთვის ცოტა დრო დარჩა — დაზვერვამ რუსეთის შეჭრის სავარაუდო თარიღად 2022 წლის დასაწყისი ივარაუდა.
The New York Times-ის თანახმად, რუსი სამხედროების უკრაინაში მობილიზების ცნობების ფონზე, აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მათთან მუშაობისკენ მოუწოდა, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეემუშავებინათ. 2 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი მკაცრად გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა.
6 დეკემბერს კი The Washington Post აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და მათ მიერ მოპოვებული დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს.
11 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში, შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიჭრას. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.
სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, ბრიტანეთი, ასევე მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში, მელინდა სიმონსმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ კიევში რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს.
უკრაინაში რუსული ძალების მობილიზების ცნობების გავრცელებას თან ახლდა აშშ-ის მყისიერი განცხადებები, რომ შეჭრას გადამწყვეტად უპასუხებენ. აშშ თავიდანვე ხაზს უსვამდა, რომ გაურკვეველია, რას იზამს პუტინი, თუმცა თუ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალ აგრესიას დაუდებს სათავეს, ამით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს.