ზელენსკი: იქნებ, ნატოს ღია კარის საკითხი მართლაც ოცნებაა ჩვენთვის, თუ საით მივდივართ და არავინ იცის, იქ როდის ვიქნებით

zelenski

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ნატოს წევრობისკენ სვლა უნდა გააგრძელოს მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება და მსოფლიო ლიდერი უკრაინას მიანიშნებს ალიანსში გაწევრიანების საკითხი არ წამოწიოს, რათა რუსეთის პროვოცირება არ მოხდეს.

„რაც შეეხება ჩვენი ელჩის განცხადებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ოფიციალური, სწორი, აწონილი და საგნობრივი იყო. რაც შეეხება იმას სწორად გავიგეთ თუ არა ბატონ პრისტაიკოს სიტყვები, ყურადღება უნდა მივაქციოთ გარკვეულ დეტალებს. ვფიქრობ, დღეს ბევრი ჟურნალისტი და მსოფლიო ლიდერი უკრაინას ოდნავ მიანიშნებს, რომ გარისკვა და ალიანსში მომავალი წევრობის საკითხის მუდმივად წამოყენება არ ღირს, რადგან ეს რისკები რუსეთის რეაქციას უკავშირდება. ვფიქრობ, ამას უკვე არავინ მალავს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაზეა დამოკიდებული.

„იქნებ, ნატოს ღია კარის საკითხი მართლაც ასეთი ისტორია, ოცნებაა ჩვენთვის, თუ საით მივდივართ და არავინ იცის, იქ როდის ვიქნებით. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ნატოს ზოგიერთმა წევრმაც არ იცის. ამიტომ უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც თავად ავირჩიეთ. მთავარი ის არის, რომ ამ გზაზე ჩვენი ჯარი ძლიერი იყოს და საით მიგვიყვანს ეს გზა - ვნახავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ დაუშვა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.

მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადება განმარტა.