ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ისევ ისვრიან - სადგურის მეხუთე ბლოკი გამოირთო

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი გამოირთო მას შემდეგ, რაც დღეს დილით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილეს სადგურის მოედანი და ავარიული დაცვის სისტემა ჩაირთო. „ენერგოატომის“ ცნობითვე, დაზიანებულია სარეზერვო კვების ხაზიც და სადგურის უკრაინელი თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის გამორთვას იუწყება ადგილობრივი პრორუსული, დე ფაქტო ადმინისტრაციაც, თუმცა, მიზეზად ასახელებს უკრაინელი სამხედროების შეტევას. ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელი როგოვი აცხადებს, რომ იერიშისას გამოყენებული იყო ამერიკული ჰაუბიცები.

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა მარშრუტის სიახლოვეს ცეცხლის გახსნაშიც. დელეგაცია ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართება. Reuters-ის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ გაზრდილი სამხედრო აქტივობის მიუხედავად, მისია გაჩერებას არ აპირებს. ექსპერტებმა სადგურის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.