1728846029
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ -ჟომატ ტოკაევმა 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ქვეყნის რეგიონებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მივიღეთ მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა გადაწყვიტა 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. ყასიმ-ჟომართ თოკაევმა ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვედანაყოფების მიერ უსაფრთხოების ფუნქციების შესრულებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის დედაქალაქში ძალოვანი სტრუქტურების ნაწილის გათავისუფლება.
ყაზახეთში ვითარება ჯერ ისევ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყასიმ-ჟომართ თოკაევის თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს დილიდან ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა ინტენსიური სროლები. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქ ალმათიში დაკავებულია 4 000-ზე მეტი პირი.