ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

karimovi

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო.

„6 იანვარს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დავაკავეთ ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი და სხვა პირები. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ გავრცელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.

6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.