ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ბრძანება გასცა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხებზე საკონსტულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ.

შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის შესახებ წინადადებები საპრეზიდენტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უნდა წარადგინოს.

საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე  პრეზიდენტია. საბჭოს მდივანი არის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საბჭოში ასევე შედიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი,უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი (შეთანხმებით), მინისტრები, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეები, მეჯლისის თავმჯდომარე (შეთანხმებით) და ასე შემდეგ.