"ვხედავთ რუსეთის ღიაობას საუბრებისთვის, თუმცა დაზვერვის მონაცემებით არსებული სიტუაცია არაა დამაიმედებელი" - ბრიტანეთის პრემიერი რუსეთ-უკრაინის კრიზისზე

უკრაინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა რამდენიმე საათის წინ რუსეთ-უკრაინის კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, პუტინის განცხადების მსგავსად, სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაცია დამაიმედებელი არ არის, რომ ომი თავიდან იქნება აცილებული.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ვხედავთ რუსეთის ღიაობას საუბრებისთვის. თუმცა, მეორე მხრივ, დაზვერვის მონაცემებით არსებული სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის დამაიმედებელი.

გვაქვს სურათი, რომ რუსული საველე ჰოსპიტლები უკრაინის საზღვართან შენდება, ბელორუსიაში, ეს შეიძლება ჩაითვალოს, როგორც შეჭრისთვის მომზადება. მეტი სამხედრო და ტაქტიკური ჯგუფი მიუახლოვდა უკრაინის საზღვარს, იმ სურათის მიხედვით, რომელსაც დაზვერვისგან ვიღებთ.

ამ მომენტში ვფიქრობ, რომ ვიღებთ შერეულ სიგნალებს და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები და ძალიან ერთიანები, განსაკუთრებით ეკონომიკური სანქციების ნაწილში,” - განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ შეჭრა მაინც შეიძლება მოხდეს ”ვირტუალურად ნებისმიერ დროს."

ცნობისთვის, გუშინ, 15 თებერვალს, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ჯარის ნაწილი სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ ბაზებს დაუბრუნდება.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ მათ (დასავლეთის სხვა ლიდერები) მოუწევთ რუსეთის მხრიდან „დეესკალაციის პროგრამის“ ნახვა.”ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს დიპლომატიის გზა,” - დასძინა ჯონსონმა.