ომის 146-ე დღე უკრაინაში - რუსული აგრესიის სამიზნე კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. საცხოვრებელი უბანი დაიბომბა კრამატორსკში. სამი ფრთოსანი რაკეტა ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, რასაც ხანძარი და მსხვერპლი მოჰყვა.

ოკუპანტების სამიზნეში ისევ მოექცა ქალაქი ნიკოპოლი და დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვა ქალაქები, ასევე ხარკოვი და მიკოლაევი. იერიშები გრძელდება სლავიანსკის, ტორეცკისა და დონბასის მიმართულებითაც.

ტერიტორიების დაბრუნებისა და მტრის მოგერიების მიზნით, უკრაინული თავდაცვის ძალები კონტრშეტევებს განაგრძობენ. ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ ოკუპანტებისგან ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კიდევ 2 500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის გასათავისუფლებლად.