VIDEO: ვრცელდება დრონით გადაღებული კადრები, როგორ გაჰყავთ უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალიდან“

სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ ვრცელდება კადრები, როგორ გაჰყავთ უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალიდან“. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან, 16 მაისს ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, „აზოვსტალის“ კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ნოვოაზოვსკი და ოლენივკა რუსეთის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მძიმედ დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.