ვრცელდება მდუმარე ბერის მორიგი წერილი, რომელიც მრევლს კარზე დაუტოვა
1731267110
18-მდე გაიზარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 16 ადამიანის, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის სიკვდილი.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
სამართალდამცავები კიევის რეგიონში, ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ.
„ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება SBU-ს [უკრაინის უსაფრთხოების სამსახური] დაევალა“,- თქვა გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.
ტრაგედიას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ეხმაურება და წერს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ის უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს:
„ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოხელეები - შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი [მოადგილე] და იურა ლუბკოვიჩი [სამინისტროს სახელმწიფო მდივანი] დაიღუპნენ ბროვარში სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას.
ასევე დაიღუპა ყველა, ვერტმფრენში მყოფი.
ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. იყო თუ არა ეს დივერსია, ტექნიკის გაუმართაობა, ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, მალე გავარკვევთ.
ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ამ კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს.
დენისი, ჟენია, იურა, ყველა, ვინც ვერტმფრენზე იმყოფებოდა, უკრაინის პატრიოტები იყვნენ, ყველა თავის საქმით იცავდა და აძლიერებდა უკრაინას.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით. თქვენი ოჯახები ყოველთვის იქნებიან მეგობრებისა და სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ.
მარადიული ხსოვნა თქვენ მეგობრებო!" წერს ანტონ გერაშენკო.
ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს დილით ჩამოვარდა ქალაქ ბროვარის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრტხოების სამსახურიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ, თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.