1732386875
ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ უახლოეს მომავალში NATO უკრაინის ალიანსში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად კონკრეტული საქმის კეთებას დაიწყებს - კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ამჟამად ვერ ხედავს იმის წინაპირობას, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის საკითხთან დაკავშირებით თავისი პრაქტიკული პოლიტიკა შეცვალოს.
„მოველი, რომ უახლოეს მომავალში NATO გააგრძელებს იმის დადასტურებას, რომ კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. უკრაინაც რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პოტენციალს, რომ უახლოეს მომავალში NATO თავის პოზიციას შეცვლის ევროკავშირის მსგავსად და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად კონკრეტული საქმის კეთებას დაიწყებს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია უკრაინასთან ურთიერთობაში, ხოლო NATO-ს პოზიცია უცვლელი დარჩა.
„არსებობს NATO, როგორც ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებენ. ასე რომ, ამ ერთიან წრეში, ჩემი აზრით, არაფორმალური გადაწყვეტილება მიიღეს: იმისათვის, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს არგუმენტი, რომ NATO-სთან ომობს, ალიანსი, როგორც ერთიანობა, მეორეხარისხოვან როლში იქნება. მათ ახლა ხელახლა გააფორმეს თავიანთი დახმარების პაკეტი, იქ რაღაც მოხდება, მაგრამ სტრატეგიულად გადაწყდა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ნატო არ იქნება წინა პლანზე“, - განმარტა კულებამ.