უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის პორტში უცხოური სატვირთო გემი დააკავა

ოდესის პორტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოდესის პორტში უცხოური სატვირთო გემი დააკავა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი იყო და ანექსირებული ყირიმიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკანონოდ გადაჰქონდა.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აფრიკული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემი სანქცირებული იყო და შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, რეგულარულად ცვლიდა გემის სახელწოდებას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე გემი სევასტოპოლის პორტში, სულ მცირე, შვიდჯერ შევიდა და 7000 ტონა მარცვლეული გაიტანა.

დაკავების დროს გემზე კაპიტანი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები არიან.