უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევის დროს გამოიყენა 215 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევის დროს გამოიყენა 215 რაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასირებული შეტევის დროს გამოიყენა 215 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, 24 აპრილის ღამეს რუსმა სამხედროებმა კომბინირებული დარტყმა მიიტანეს უკრაინაზე, რა დროსაც გამოყენებული იყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტა, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

კერძოდ, უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით რუსეთმა გაუშვა 145 დრონი; 37 ფრთოსანი რაკეტა Х-101; 12 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“; 11 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“; 6 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“; 4 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59/Х-69.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოგდებულია 112 დრონი, კიდევ 68 უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს ვერ მიაღწია.

რუსეთი იერიშის განხორციელდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის და ხმელნიცკის ოლქებზე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხოლოდ კიევში დაღუპულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 70 პირმა, მათ შორის, არის ექვსი არასრულწლოვანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი და მათი ძებნა გრძელდება.