უკრაინის სასამართლომ ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ორდერი გასცა

ნიკიტა მიხალკოვი

უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსგან რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა ფეისბუკზე წერს.

ის მიხალკოვს მიმართავს: „ოფიციალურად გაცნობებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელმა, სუვერენულმა, სამართლიანმა სასამართლომ უკრაინელ პროკურორებს ნება დართო თქვენ დაგაკავონ უკრაინის სასამართლოში მისაყვანად, როგორც ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ზომის შესაფარდებლად“.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსი რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებით. მსგავსი დანაშაული უკრაინაში ისჯება 5-დან 10 წლამდე პატიმრობით.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, ნიკიტა მიხალკოვი ომის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. ვენედიკტოვას ინფორმაციით, დაწყებულია ოფიციალური პროცედურაც მიხალკოვის საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად.

რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის ყველაზე აქტიურ მომხრეთა შორისაა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. 2014 წელს მიხალკოვი იყო ყირიმის ანექსიის აქტიური მხარდამჭერიც.

 

ასევე ნახეთ - ზელენსკის მიმართვა ქართველებს