უკრაინის პროკურატურა: ხარკივის ერთ-ერთ სოფელში 4 ცხედარი ვიპოვეთ, მათ წამების კვალი აღენიშნებათ

ხარკივი

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხარკივის ოლქის სოფელ ზალიზნიჩეში პოლიციელებმა 4 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მათ სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივებმა თავად მიმართეს სამართალდამცველებს და განაცხადეს, რომ რუსებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

პროკურატურის ცნობითვე, გამოძიება დაწყებულია, ცხედრები კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გუშინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.