უკრაინელი მალამუტები, რომლებმაც მიტოვებული სახლები მძარცველებისგან დაიცვეს და დაბრუნებულ პატრონს დაოჯახებულები დახვდნენ

უკრაინა

ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე  უკრაინაში საშენიდან გასხვისებულ ალიასკურ მალამუტზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

,,უკრაინელმა მეგობარმა დარია შარაიამ, რომელიც მარიუპოლთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და მალამუტების საშენი აქვს, თავის გვერდზე ლამაზი ამბავი მოგვითხრო. დარიამ დაწერა, რომ მისი საშენიდან გასხვისებული ერთ-ერთი ძუ, სახელად ასია, მარიუპოლში, ომის დაწყებამდე, შესანიშნავ პატრონებთან ბედნიერად ცხოვრობდა. ცუგას თავისი ადამიანები არაფერს აკლებდნენ და სრულ განცხრომაში აცხოვრებდნენ, მაგრამ ომმა პატრონებიც და ძაღლიც უკიდურესად მძიმე გარემოში მოაქცია და 24 მარტს, როდესაც ფრონტის ხაზი მათ სახლს უახლოვდებოდა, ძაღლთან ერთად ყველაფრის მიტოვება და სამშვიდობოს გაქცევა გაბედეს. სამწუხაროდ, გაქცევის დროს, ახლოს აფეთქებულმა ნაღმმა ძაღლი და პატრონები ერთმანეთს დააშორა. პატრონებმა ჩათვალეს, რომ ასია დაიღუპა და გამოიგლოვეს. ვერ წარმოედგინათ, რომ ბედი სიურპრიზს უმზადებდათ. 25 მაისს, როდესაც ასიას პატრონები შინ დაბრუნდნენ, ეზოში ასია შეეგებათ, თანაც მარტო არ იყო, სიძეც მოეყვანა, მასავით მალამუტი ცეზარი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. როგორც დარია ამბობს, მარიუპოლის ქუჩებში უამრავი სხვადასხვა ჯიშის ძაღლია, მაგრამ ასიამ სიძედ მხოლოდ მისნაირი მალამუტი შეარჩია. 5 ივნისს ასიასა და მის ქმარს პატარა გოგო მალამუტი შესძენიათ, რომელიც ფოტოზე ნებიერად მიირთმევს დედის რძეს. ბედნიერმა პატრონებმა ლეკვს რადა დაარქვეს. ახლა, ყველა ერთ ოჯახად ცხოვრობს. სიძეს ცეზარი ჰქვია. ის ასიას მეზობლად, ერთი ღობის იქით ცხოვრობს, ამიტომ, პატრონებმა ერთ ადგილზე ღობე გახსნეს და ძაღლებს ორი ეზო და უფრო დიდი ტერიტორია აქვთ სარბენად. ამით ორივე ცუგას პატრონმა მადლიერებაც გამოხატეს იმის გამო, რომ სწორედ ასიასა და ცეზარის გამო მათ სახლებში მძარცველები ვერ შესულან",  -  წერს ეკატერინე ლომიძე.