უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს. განცხადება ზელენსკიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

„დე ფაქტო, ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ.
დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან.

ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.
ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.
დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება. დაჩქარებული წესით.

ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით“,- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ, პრემიერმა დენის შმიგალმა და რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერეს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში დღეს განცხადებებს გააკეთებენ.

დღეს, ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოთხმა მარიონეტმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმეს. პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, „დოკუმენტს“ ხელი მოაწერეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ე.წ. ლიდერებმა.

პუტინმა ოფიციალურ კიევს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფაქტს გამოეხმაურა და დაწერა რომ, ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.