უკრაინა, რომლის პოლიტიკოსებს 2008 წელს არ ეყოთ ჭკუა და სინდისი, რომ დაეგმოთ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ახლა თავად გახდა კრემლის პოლიტიკის მსხვერპლი - უკრაინელი ჟურნალისტი

ომი

საქართველოში რუსული აგრესიის დაგმობის ნაცვლად, უკრაინელი დეპუტატები სამხრეთ ოსეთის ლეგალიზაციას ცდილობდნენ - ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი, ვალერია კონდრატოვა წერს.


უკრაინული გამოცემა, liga.net   წერს:

„2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი კრემლში სამხედრო ელიტას - თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვსა და შტაბის უფროსს, მაკაროვს შეხვდა. ოფიციალური ვერსიით, იქ მედვედევმა გამოაცხადა „საქართველოს მიმართ მშვიდობის იძულების ოპერაციის“ დასრულების შესახებ. ასე დასრულდა რუსეთის ხუთდღიანი აგრესია, სუვერენული ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ომი, რომელიც შოკი იყო გონიერი ადამიანებისთვის.

ევროპამ საქართველოში შემოჭრა უსიტყვოდ გადაყლაპა. რამდენიმე დღის შემდეგ, სააკაშვილი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა მედვედევ-სარკოზის გეგმაზე - „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“. გაერომ გამოთქვა შეშფოთება კონფლიქტის ზონის გაფართოებისა და მისი ესკალაციის გამო და დაგმო რუსეთის ქმედებები სამშვიდობოების საფარქვეშ. ევროპელმა პოლიტიკოსებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების მიზეზი ვერ იპოვეს. აგრესორი არც დასჯილა, არც იზოლირებულა, არც კეფაზე წამოურტყამთ - უბრალოდ, გალანძღეს.

ექვსი წლის შემდეგ რუსეთმა, როგორც სერიულმა მანიაკმა, რომელიც გადაურჩა სასჯელს, განაგრძო დანაშაულის ჩადენა, ამჯერად უკრაინის ტერიტორიაზე. წრე შეიკრა: უკრაინა, რომლის პოლიტიკოსებს 2008 წელს არ ჰქონდათ ჭკუა და სინდისი, რომ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმიათ და ეღიარებინათ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ახლა თავად გახდნენ კრემლის პოლიტიკის მსხვერპლი.

ყველას ახსოვს, 2009 წლის შემოდგომაზე, როცა უკვე შეუძლებელი იყო, ყველაფერი ამ გაუგებარ სამხედრო კონფლიქტს ჩამოეწერა, ტიმოშენკო მოსკოვში პუტინთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს როგორ დასცინოდა. ეს წარუშლელი ლაქაა, მაგრამ როგორ მოიქცა მეექვსე მოწვევის უმაღლესი რადა, სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ, უკვე დავიწყებას მიეცა. 

2008 წლის აგვისტოში, ხუთდღიანი ომის მწვერვალზე, უკრაინელ დეპუტატებს საქართველოში შესული რუსული ტანკებისთვის დრო არ ჰქონდათ - ისინი ტრადიციულად ისვენებდნენ. პარლამენტარები სხდომათა დარბაზში მხოლოდ 2 სექტემბერს შეიკრიბნენ, კონფლიქტიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. დღის წესრიგში ათამდე რეზოლუციის პროექტი საქართველოში სამხედრო კონფლიქტის შეფასების შესახებ იყო.

„ძვირფასო კოლეგებო, მე გთავაზობთ თქვენ, ვისაც აქვს სინდისი და გული, ვისაც ესმის, რომ იყო პირდაპირი აგრესია, სამხედრო ინტერვენცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გირჩევთ, მხარი დაუჭიროთ ამ რეზოლუციას ან მსგავსი შინაარსის რეზოლუციას“, - მოუწოდებდა დეპუტატი, ვლადიმირ არიევი.

უზენაესი რადა საქართველოს საკითხს რვა საათის განმავლობაში, ლანჩზე შესვენებით განიხილავდა და ყველაფერი ჩაიშალა.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ No3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65-მა (!) სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ რადაში თითქოს და დემოკრატიული კოალიცია არსებობდა. თავად სპიკერმა იაცენიუკმაც კი არ მისცა ხმა.

იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს უკრაინის უმაღლესი რადას დადგენილების პროექტი - „უმაღლესი რადას განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054, მხოლოდ 66 ხმით და რეზოლუციის პროექტი  -უმაღლესი რადას განცხადება, საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 - 70 ხმა.

სამაგიეროდ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის (No3083) დადგენილების პროექტს 167-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხვათა შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჯერჯერობით მხოლოდ გაეროს წევრმა ხუთმა ქვეყანამ აღიარა: თავად აგრესორმა - რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუსა და ვანუატუს რესპუბლიკებმა.

დადგენილებამ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო აგრესიის დაგმობის შესახებ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მიიღო - 196 ხმა.

რა თქვეს რადას დეპუტატებმა იმ დღეს, საქართველოზე, უკრაინაზე და რუსეთის ომზე - კომენტარის გარეშე.

ვიქტორ იანუკოვიჩი, მოგვიანებით გაქცეული უკრაინის პრეზიდენტი: „გთავაზობთ, ჩემი გამოსვლა დავიწყო წუთიერი დუმილით ქართულ-ოსურ კონფლიქტში დაღუპულთათვის: მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და სამშვიდობო (რუსული) კონტინგენტისთვის... ჩვენ თვალწინ იქმნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის ხელოვნური პრობლემა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ოფიციალური კიევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემა წარმოიქმნას. მათი მიზანია, უკრაინელი და რუსი ხალხების გადამტერება და დალექვა მასობრივ ცნობიერებაში, რისი მიზანიც გახლავთ, რომ უკრაინის მოქალაქეებმა რუსეთი აღიქვან როგორც აგრესორი, რომელიც დღეს თუ არა, ხვალ თავს დაესხმება ჩვენს სახელმწიფოს“.

ვლადიმერ მატვეევი: „თუ გესმით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ ეთნიკური წმენდის ხარჯზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა იქ და აფხაზეთში, რითაც აფხაზი და სამხრეთ ოსი ხალხის გენოციდს უჭერთ გზას. გესმით, რომ ამავე დროს, თქვენც უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების დონეზე?“

სვიატოსლავ ოლიინიკი: „ეს არის კონფლიქტი, რომელშიც ორი მოძმე ერია ჩართული. ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ ქართველი და რუსი ხალხი ძმები არიან  უკრაინელი ხალხისთვის. საჭიროა თუ არა, ახლა გამოვიდეთ მკაცრი განცხადებებით და ვთქვათ, რომ ერთი მხარე უკეთესია ამ კონფლიქტში, მეორე კი უარესი?... და ჩვენი პოზიცია ხომ უნდა იყოს უფრო რადიკალური, ვიდრე ევროკავშირის პოზიცია, რომელმაც გუშინ ნათლად განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფუძველს, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის? მამაზე წინ წავალთ ჯოჯოხეთში?“

პიოტრ ციბენკო: „ვიღაცებს მინდა შევახსენო, რომ საქართველომ აგრესია ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს დაიწყო და შემდეგ კი დღის განმავლობაში ანადგურებდნენ სამოქალაქო პირებს - მოხუცებსა და ბავშვებს, მძიმე არტილერიით და ამის შემდეგ შემოთავაზებულია არა საქართველოს, არამედ - რუსეთის დაგმობა!“

იაროსლავ ჯოჯიკი: „რუსეთი წინასწარ ემზადებოდა ამ აგრესიისთვის, საქართველოში დამატებითი კონტინგენტის შეყვანით... და მან ეს აგრესია წამოიწყო რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, რომლებიც მანამდე ათასობით იღებდნენ რუსეთის მოქალაქეობას. დღეს ჩვენ ვართ მოწმენი, რომ იგივე სცენარი გრძელდება უკრაინაში, როდესაც ათასობით ადამიანი იღებს რუსეთის მოქალაქეობას ყირიმში... რუსეთის ხელმძღვანელობას სურს აჩვენოს, რომ რუსული ჯარები უკრაინაში ისევე მოქცევიან, როგორც საკუთარ სახლში“.

სპირიდონ კილინკაროვი: „ქართულ-ოსური კონფლიქტი ნაციონალისტური რეაქციული რეჟიმების მიერ წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის ტიპური მაგალითია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ერთიანობისა და მთლიანობის შენარჩუნება „გრადის“ სისტემის ცეცხლის ქვეშ არ შეიძლება. საჭიროდ ვთვლი კენჭისყრას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების საკითხთან დაკავშირებით“.

ვალერი კონოვალიუკი: „რუსულ მხარეს ჰქონდა მანდატი და ხელმძღვანელობდა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებით... უკრაინას ეკისრება მორალური პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უკრაინულმა ტანკებმა ცხინვალში მოხუცები და ბავშვები გაანადგურეს... რომ საქართველოსთვის მიწოდებულმა ჩვენმა ჭურვებმა გაანადგურა ცხინვალი. დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაცია, რომელსაც უკრაინის პოლიტიკური ელიტა ამზადებდა, ის, პირველ რიგში, იყო უკრაინელი ხალხის ნების გარეშე, ქვეყნის ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში შეყვანა“

პიოტრ სიმონენკო: „8 აგვისტოს... ქართული არმიის რეგულარული ნაწილები თავს დაესხნენ რუსი სამშვიდობოების პოზიციებს...“ 

ვიქტორ ტარანი: „რუსეთი უკრაინის მოქალაქეებზე ყირიმში გასცემს პასპორტებს. ჩვენ ვსაუბრობთ დადასტურებულ სცენარზე სამხრეთ ოსეთში, როდესაც ოსებს ჯერ რუსული პასპორტები გადასცეს, შემდეგ კი რუსეთმა გამოაცხადა თავისი მოქალაქეების დაცვა. ანუ მომავალში უკრაინას შესაძლოა, იგივე სცენარი ჰქონდეს... ფაშისტური გერმანიაც ანალოგიურად მოიქცა ავსტრიასთან მიმართებაში“.