1753472993
უკრაინა Patriot-ის ტიპის სამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას მიიღებს, თუმცა საჭიროა ათი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას ცის დაცვისთვის Patriot-ის ტიპის 10 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სჭირდა, თუმცა ამ ეტაპზე მის ქვეყანას სამ ერთეულს გადასცემენ.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარდა ქვეყანას სჭირდება რაკეტები, დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლის ელემენტები და ჯარის სტაბილური დაფინანსება.
„რაკეტების საკითხზე ვმუშაობთ, რაკეტები ჩვენც გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ წარმოების ლიცენზიისთვის ვიბრძვით. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში წარმოების სივრცე ჩნდება. ჩვენთან არა, მაგრამ ევროპელებთან, ვისთანაც ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას დათანხმდა. ეს პირდაპირი მიყიდვის წესით მოხდება. შესაბამისად, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიევმა ახლა 10 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესასყიდი ფული უნდა იშოვოს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ თითოეულ სისტემას რაკეტების პაკეტები ჰქონოდა.
ზელენსკის განცხადებით, გერმანიამ დაადასტურა, რომ Patriot-ის ორ ერთეულს უკრაინას გადასცემს. კიდევ ერთს კიევს ნორვეგია მისცემს, ხოლო დანარჩენის შესაძენად ფულის მოძიებაა საჭირო.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე განმარტა, რომ ახლა უკრაინას 40 მილიარდი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვა სჭირდება. დრონების წარმოება 25 მილიარდი დოლარი დაჯდება. შესაბამისად, უკრაინამ ახლა 65 მილიარდი დოლარი უნდა მოიძიოს.