უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს თავყრილობებს კრძალავს - რა წესების დაცვა მოუწევთ ადგილობრივებს

kievi

უკრაინის დედაქალაქში ამ კვირაში საბჭოთა კავშირისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები აკრძალულია. სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივში კი გაძლიერებული რუსული საფრთხის გამო, კონკრეტულ საათებში გადააადგილებაც კი შეიზღუდა.

ქვეყნის სამხრეთში ფრონტის ხაზის მიმდებარედ, უკრაინა კვლავ ადანაშაულებს რუსეთს ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს ბომბების ჩამოგდებაში. არტილერია და სარაკეტო ცეცხლი ზაპორიჟიის რეგიონში ატომური რეაქტორის კომპლექსის ირგვლივ, ევროპის კონტინენტზე ატომური კატასტროფის შიშს აჩენს და საერთაშორისო ლიდერები გაეროსთან ერთად, ამ ზონის დემილიტარიზაციასაც კი ითხოვენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ უქმეებზე მოსკოვის მხრიდან კიდევ უფრო ძლიერი თავდასხმების რისკის შესახებ ისაუბრა. ოთხშაბათს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, თუმცა ეს საზეიმო ან ხალხმრავალი ღონისძიებების გარეშე მოხდება.

კიევში ადგილობრივი ოფიციალური პირები კრძალავენ საჯარო თავყრილობას, მსვლელობას, ან იუბილესთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკრებას. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ამგვარი თავყრილობები სწორედ სარაკეტო იერიშების რისკის გამო უნდა შეიზღუდოს - ვკითხულობთ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა ჟირნოვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანარჩენ ქალაქებს რაც შეეხება, ხარკივის მერის გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი აქამდე არსებული რეგულარული საათების ნაცვლად, შუადღის 4 საათიდან დილის 7 საათამდე ამოქმედდება და ეს წესები სამშაბათიდან ხუთშაბათამდე გაგრძელდება.

სამშაბათსა და ოთხშაბათს დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის საშუალება მიეცემათ საპორტო ქალაქ მიკოლაივშიც. გუბერნატორი ვირალი კიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი თავყრილობისგან თავი შეიკავონ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გაკეთებული, ტრადიციული ღამის მიმართვის დროს თქვა, რომ მოსკოვი ოთხშაბათის წინა დღეებში "რაღაც გამორჩეული სისაძაგლის" გაკეთებას შეეცდება. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ზუსტად 6 თვე შესრულდება, რაც ქვეყანაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ზელენსკი ამბობს, რომ ყველა შესაძლო საფრთხე ფრანგ კოლეგასთან საუბრისას განიხილა. ამ რისკებზე ინფორმირებულნი არიან სხვა ლიდერებიც, მათ შორის რეჯებ ტაიპ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.