უკავშირდება თუ არა მასობრივი ხანძრები რუსეთში უკრაინის პარტიზანულ ბრძოლას

ხანძარი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 62-ე დღეს აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ცეცხლის ალშია გახვეული. რუსეთის ფედერაციის 18-მდე ოლქში მოულოდნელად გაჩენილ ხანძრებს ებრძვიან. ნავთობბაზა, აეროდრომი, სარკინიგზო მაგისტრალი, სამხედრო კომისარიატები და პოლიციის განყოფილებები - სახანძრო ჯგუფები გამოიძახეს მოსკოვის სავაჭრო ცენტრშიც.

კრემლში მოულოდნელი ხანძრების ურთიერთკავშირს იკვლევენ. კიევში კი არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ფედერაციაში მასობრივი ხანძრები შესაძლოა პარტიზანული ომის დაწყებაზე მიანიშნებდეს. სავარაუდო პარტიზანულ თავდასხმას უკავშირებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებსაც. იწვის სატელეკომუნიკაციო ანძა, აეროდრომი და ე.წ. კგბ-ს შენობა.

აფეთქებების გამო პანიკაში მყოფი მოსახლეობა არაღიარებული რესპუბლიკიდან მოლდოვის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარბის. ინტერნეტში მანქანების გრძელი რიგების ამსახველი კადრები ვრცელდება. გაუქმდა 9 მაისისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება დნესტრისპირეთში. მოლდოვას პრეზიდენტმა მომხდარის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ეჭვობენ, რომ ტირასპოლში მომხდარი თავდასხმის მიზანი ვითარების დასაძაბად ხელოვნური მიზეზის შექმნაა.

მასობრივ ხანძრებთან ბრძოლის პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე იერიშს განაგრძობს. მხოლოდ ხარკოვში აგრესორის ავიაიერიშის შედეგად 9 უდანაშაულო ადამიანი დაშავდა და 5 დაიღუპა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები. ხარკოვში რუსული ბომბებისგან დასაცავად ათასზე მეტი ადამიანი სარდაფებში ცხოვრებას აგრძელებს. არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და საკვები. მოხალისეებმა ცხელი წერტილიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

რუსი სამხედროები განაგრძობენ იერიშს მარიუპოლზეც. მხოლოდ გუშინ ღამით 35 ავიაიერიში განხორციელდა აზოვსატლზე, რა დროსაც ერთ-ერთ სახელოსნოს ცეცხლი გაუჩნდა. აზოვის პოლკის ინფორმაციით, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათი ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. ოკუპანტები არ ინდობენ არც საგანმანათლებლო დაწესებულებებს - დაბომბვის შედეგად თითქმის სრულად დაინგრა მარიუპოლის 24-ე საჯარო სკოლა. მტრის აგრესიის მოგერიების პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ცხელი წერტილიდან მშვიდობიანი მოქალაქეების და დაშავებულების გაყვანას ცდილობენ.

სხვა სიახლეები