წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს, ანადგურებს ინფრასტრუქტურულ, სამედიცინო, სასწავლო ობიექტებს და საცხოვრებელ სახლებს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. ბოლო დროს კი რუსეთიდანაც, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე რაიონებიდან, გახშირდა ცნობები სარკინიგზო კვანძების მწყობრიდან გამოყვანის, იარაღის საწყობების აფეთქებებისა და ნავთობის მსხვილ საცავებზე გაჩენილი ხანძრების შესახებ.
ამ „უბედური შემთხვევების“ სიხშირემ გააჩინა ეჭვი, ხომ არ იკრებს ძალას იკრებს უკრაინული პარტიზანული მოძრაობა, რომლის წევრები რუსეთის საოკუპაციო არმიის მოქმედების საპასუხოდ დივერსიულ აქტებს ახორციელებენ?
ეს ეჭვები გააძლიერა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ორაზროვანმა ნათქვამმაც.
„გაურკვეველია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვიან, სამხედრო უმაღლესი სასწავლებლები იწვიან, რაღაც საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - ეს განცხადება ოლექსი არესტოვიჩმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას გააკეთა.
რა მოხდა ბრიანსკში?
26 აპრილს ღამით, უკრაინიდან 110 კილომეტრში, ბრიანსკში მდებარე „ტრანსნეფტის“ ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ხანძარმა მოიცვა 10 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი. ტელეკომპანია „როსია 24“-ის ცნობით, ცეცხლი გაჩნდა კიდევ ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე - სამხედრო ნაწილის დიზელის საწვავის საცავზე.
დივერსიები რკინიგზაზე
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მოიმატა ავარიების რაოდენობამ რუსეთისა და ბელარუსის რკინიგზებზე. მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, სახელდებოდა სტანდარტული „ნიადაგის გამორეცხვა“, თუმცა, როგორც 27 აპრილს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, რკინიგზაზეც დივერსანტები მოქმედებენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში „აღკვეთა დივერსია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე“ და დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც „უკრაინული ნაციზმის მხარდამჭერები“ არიან. რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულები აპირებდნენ დაეზიანებინათ რკინიგზა, რომლითაც რუსეთის სამხედრო ეშელონები მოძრაობენ. ФСБ-მ ასევე გაავრცელა დაკავებულთა ჩვენებები:
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩვენ დავიკავეთ ანტირუსული პოზიცია და ვეძებდით ჩვენი რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების მეთოდებს, - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული ვიდეოში, - დავიწყე რუკაზე რკინიგზის ხაზების მოძებნა, რათა გამეგო, რა მარშრუტით გადაადგილდებიან სამხედრო ეშელონები. ასევე შევისწავლე რკინიგზის სტრუქტურა და მისი მწყობრიდან გამოყვანის ხერხები“. კიდევ ერთი დაკავებული ამტკიცებს, რომ ისინი აპირებდნენ „რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებას ქანჩების ამოხრახნით“.
რუსეთის უშიშროება იმასაც ირწმუნება, რომ მის მიერ დაკავებული პირები უკრაინულ საიტ „მიროტვორეცს“ უგზავნიდნენ მონაცემებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების შესახებ.