თავი გადაპარსეს, გააშიშვლეს, რუსეთის დიდებას აიძულებდნენ - უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გადატანილ სასტიკ დღეებზე ყვებიან

უკრაინელები

გათავისუფლების შემდეგ უკრაინელი ქალი სამხედროები ტყვეობაში გადატანილ სისასტიკეზე ჰყვებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

უკრაინელი მებრძოლი ანასტასია მატრუშენკო რუსი ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ჰყვება, რომ ოკუპანტებმა, მისი სამხედრო ნაწილის არტილერიითა და ტანკით დაცხრილვის შემდგომ, უკრაინელი მებრძოლები ტყვედ აიყვანეს, შეუკრეს ხელები და თვალები აუხვიეს.

ჯერ ბელარუსში გადაიყვანეს, სადაც არასლავური გარეგნობის ჯარისკაცი ანასტასიას მოკვლით ემუქრებოდა, მოგვიანებით კი ტყვეები რუსეთში, ქალაქ ბრიანსკის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც აწამებდნენ, რადგან უკრაინელი ქალი სამხედროები უარს ამბობდნენ ეპასუხათ ფრაზაზე - "დიდება რუსეთს!".

რუსი ოკუპანტები დატყვევებულ უკრაინელ ქალ სამხედროებს მამაკაცების თანდასწრებით გაშიშვლებას აიძულებდნენ, მეტი დამცირებისთვის მათ თავები გადაპარსეს. გაუთავებელი დაკითხვები კი, ჯარისკაც ანასტასიას თქმით, საკანში დაუსრულებლად გრძელდებოდა.

როგორც კიდევ ერთი ყოფილი ტყვე ქალი სამხედრო, ალექსანდრა ცეპუკი ჰყვება, ბელარუსში გადაყვანის შემდეგ, ოკუპანტებს მათი პროპაგანდისტულ სიუჟეტებში  გადაღება სურდათ და აიძულებდნენ რუსულ ენაზე ესაუბრათ, თუმცა ქალი ტყვე სამხედროები ამაზე უარს წამების ფასად ამბობდნენ.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების ტყვეობისგან 2 აპრილს გათავისუფლდნენ.