საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები არ ჩაითვლება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად, შენგენის ზონაში - ევროკავშირის გადაწყვეტილება

ევროკავშირის გადაწყვეტილება

ევროკავშირის საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსული სამგზავრო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამის შესახებ „ევროპული სიმართლე“ იუწყება.

გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს თვითგამოცხადებულ ცალკეულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ ჩაითვლება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად, ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადაკვეთისთვის, შენგენის ზონაში.

ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები აღარ არის აღიარებული, ან მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ არაღიარების პროცესი. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის განსაზღვრას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ევროკავშირის საბჭო ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი „რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ“, ასევე „შედეგია რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებისა, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.

2014 წლის მარტში ყირიმის უკანონო ანექსიის დაწყებიდან, რუსეთი ნახევარკუნძულის მცხოვრებლებზე რუსულ პასპორტებს გასცემს. 2019 წლის აპრილში ეს პრაქტიკა გავრცელდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებში, რომლებიც არ კონტროლდება უკრაინის ხელისუფლების მიერ, ხოლო 2022 წლის ივლისიდან -  ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების სისტემატური გაცემა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მორიგი დარღვევაა.

ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა, ნოემბრის შუა რიცხვებში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ, რის შემდეგაც იგი დაამტკიცა ევროპარლამენტმა.

გადაწყვეტილება ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომდევნო დღეს.