„რუსული რაკეტა ოდესის პორტში არის ანტონიო გუტიერეშისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება...“ - უკრაინის საგარეო უწყება

ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოდესის პორტზე განხორციელებული რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე გუშინ გაფორმებულ შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქზე“ წერს.

„რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა ხაზს უსვამს შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის თაობაზე სამი პორტიდან – ოდესიდან, ჩერნომორსკიდან და იუჟნიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-სა და თურქეთს მოუწოდებს, უზრუნველყონ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

„მიღწეული შეთანხმებები თუ არ შესრულდება, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავებაზე“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.