პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები.
„არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია“,- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილა. უკრაინა გენოციდის კონცეფციის დამახინჯების გამო რუსეთის დასჯას ითხოვს.
სასამართლო დასკვნაში წერია, რომ უკრაინას აქვს უფლება, გაასაჩივროს რუსეთის ფედერაციის მიერ გენოციდში მხილების ცრუ ფაქტი, რაც რუსეთმა სამხედრო მოქმედებების დაწყების საბაბად გამოიყენა.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბაბით დაწყებული სამხედრო მოქმედებები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, აყენებს მატერიალურ ზიანს ქვეყანასა და მოქალაქეებს, რადგან იწვევს ქალაქებისა და შენობების განადგურებას, ინფრასტრუქტურის მოშლას. ეს ვითარება დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს“, – წერია დასკვნაში.
ბრძანებაში სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, შექმნილი ვითარების გართულება და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება.